თვალი, წარმოსახვა და სარეველა

თვალი, წარმოსახვა და სარეველა

გივი ალხაზიშვილის ლექსი „შინ“:


ისევ გავხედავ გზას და შარას,
ისევ შორიდან მიხმობს სახლი,
სადაც ბავშვობის ლანდი დადის
და მოგონება არ სურს ახალი.
შინ დაბრუნება არის ლოცვა,
გზა - მონანიება და დუმილი,
როცა გრძნობ, როგორ გელოდება
კერის სითბო და ძველი სურვილი.
აქ ყველაფერი ნაცნობია,
ყოველი ქვა და ყოველი ხე,
აქ დროს არ ძალუძს წაშალოს ის,
რაც გულმა ერთხელ შეიყვარა და ნახა.
შინ დაბრუნება სიმშვიდეა,
წუთისოფლისგან გადაღლილის,
სადაც სულისთვის თავშესაფარს
პოულობს კაცი დაღლილ-დაქანცული.

 

 

თვალი, წარმოსახვა და სარეველა

 

ხელახლა ვკითხულობ ამ სტრიქონებს და იმასაც ხელახლა ვკითხულობ, რომ მეორედ წაკითხვა თამაშიაო. რატომ? იმიტომ რომ რეალურ ტექსტთან კი აღარ გვაქვს საქმე, არამედ მის მიერ ჩვენში გამოწვეულ შთაბეჭდილებებთან; ახლა ჩემივე თავს ვკითხულობ. ერთმა მწერალმა უდაბნოს მზე მოთამაშე ბავშვს შეადარა: მზეც ისევე ზის უდაბნოს შუაგულში სხვადასხვა ცხოველების ნაშთების შემოგარენში როგორც ბავშვი - მიმოფანტულ და დამტვრეულ სათამაშოებს შორისო. ძველმა მოაზროვნემ მოთამაშე ბავშვი მსოფლიო დროს ჰგავსო. ბავშვური თამაში არის თამაში რეალური, ფიზიკური ნივთებით, სადაც ნივთი და ნივთის შესახებ წარმოდგენა ერთი და იგივეა. ჩვენ კი არა საგნების,არამედ ჩვენივე წარმოდგენების შესახებ ჩვენი წარმოდგეენებით ვთამაშობთ. ვიღაც იმასაც ამბობს, რომ დღეს ბავშვიც კი ვეღარ თამაშობს ბავშვურად. რაღაც მოუვიდათ ნივთებს, ჩვენს წარმოდგენებსაც რაღაც დაემართათო: თამაში რიოში ნივთებით. ძველი სიმღერის გადამღერებაა.

 

თვალმა იცის სუროსავით ჩახუტება და კენწერომდე აცოცება, სულში ჩაძრომა...

 

სულში ჩამძვრალი თვალი თავის თავში უკუშექცეული თვალია: ჩაბრუნებული მზერა როგორც შინაგანი სარკე; ჩაბრუნება ნიშნავს იმას, რომ დასაწყისი დასასრულს დაემთხვა, წრე, წრედი შეიკრა, გზა ბოლომდე იქნა გავლილი; ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საზრისი ანდა უსაზრისობა წარმოიშვას. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ გზის ბოლომდე გავლა, არამედ ამან ყველაფერმა ჩემს თვალწინ უნდა ჩაიაროს. ერთი პერსონაჟი ამბობს: არ მომკვდარვარ, ვინაიდან ჩემს ცხოვრებას ჩემს თვალწინ არ ჩაუვლიაო. თვალწინ ჩავლა როგორც სარკეში ყურება. სარკეში იყურება ის, ვინც თვითონაც სარკეა,რათა იქ შეამჩნიოს თავის თავს ისეთ რამ, რასაც ჩვეულებრივ ვერ ამჩნევს; ესააო სარკის დანიშნულება: მე სარკეში, სარკე ჩემში, მე - სარკე. სარკეში ჩახედვა ნიშნავს რეფლექსურ აზროვნებას - უკუქცევითი, უკუფენილი, რეფლექსური. მაგრამ ამისთვის აუცილებელია სარკე და ის, რაც მისგან განსხვავდება -არასარკე: მაგრამ როცა სარკეა, სადაც/რაშიც უნდა ჩაიხედო და ისიც სარკეა, ვინც/რამაც უნდა ჩაიხედოს: სარკე,რომელიც სარკეში იყურება. უამრავი ათვლის წერტილია; საქმე შერჩევაზეა: რომელს შეარჩევ? საამისო მოტივაცია? ვინ არჩევს? ვის აქვს მოტივაცია? მესამე სარკე, რომელიც ამ ორს ხედავს? ამ სამს რომელი ხედავს? ამ სამს, რომ ხედავს იმას ვინ ხედავს? ვინც ხედავს და რასაც ხედავს ერთიდაიგივეა. მაგრამ წრემ როგორ დაინახა თავისი თავი? ანდა თუ დაინახა დანახულის შესახებ ამბავი თავისი თავიდან როგორ გამოიტანა?

 

დახუჭე თვალი: თვალის დახუჭვა როგორც თავისებური მოკლეჩართვა/გზის მოჭრა/, წრედის შეკვრა ანდა კონტექსტის წარმოება, რისი საშუალებითაც წარმოიშობა საზრისები, გამოსახულებები, ხატები. ხელისგულების თვალებზე აფარებას, თვალების დახუჭვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გივი ალხაზიშვილის ლექსებში. იგივე დატვირთვა აქვს ჩარჩოსაც. მერე რასაც ვაკვირდებით ანდა გვგონია, რომ ვაკვირდებით ესაა: ხატი წყდება მოძრავ განფენილობას და ჩნდება უხილავის ხილული ნიშანი, რომელიც ერთვება წარმოსახულ ფართო წრედში ანდა კონტექსტში; მერე გამოდის ამ კონტექსტიდან გაწმენდილი თავის საკუთარი ხილულობით და უხილავობით ანდა ხილული უხილავობით ან პირიქით უხილავი ხილულობით.

 

ყვლაფერი ხედვაა; აქ პოეტი იმასაც ხედავს თუ როგორ ხედავს; თავის თავს როგორც მხედველს ხედავს. ზოგი ამბობს, რასაც ვერ ვხედავთ ვერ ვხედათო, მაგრამ უპრიანი იქნებოდა გვეთქვა: რასაც ვერ ვხედავთ ვხედავთ, რომ ვერ ვხედავთ. დაუნახავის დანახვა: მთები, რომლებიც თითქოსდა თითის წვერებზე დგებიან დაუნახავის დასანახად, დგანან და ელიან. მაგრამ ამ ჩვენი ხედვით ნივთებს, მოვლენებს ზედმეტად ხომ არ ვაწუხებთ? მათ მიმართ ძალადობას ხომ არ ვიჩენთ? იქნებ არ სურთ რომ გვეჩვენონ!

 

პოეტმა ააგო ლექსების სახლი და დაარქვა „შინ“.

 

რეალური საგანი თავის მხრივ აირეკლება სარკისებრ ხატში როგორც ვირტუალურ გამოსახულებაში და იმავდროულად გარემოიცავს, აირეკლავს მას: ორსახა ხატი - ვირტუალურ-რეალური: ხილული და უხილავი. თითქოსდა გაცოცხლდა სარკის გამოსახულება, ფოტო ანდა საფოსტო ღია ბარათზე გამოსახული ფოტოსურათიო; მეორე მხრივ თითქოსდა რეალური გამოსახულება შევიდაო ფოტოში, ვირტუალურში, უხილავში. ორმაგი მოძრაობა: გათავისუფლება და დატყვევება. ეს არის აღწერის სპეციფიკური ჟანრი: წარმოსახული რაობები, ფორმები, ფორმის ფორმები, ფორმის ფორმის ფორმები და ა.შ. ერთმანეთში შედი-გამოდიან და იქმნება დიდი ბუნდოვანება. ნივთი ქრება, ხელთ გვრჩება მხოლოდ მისი აღწერა, აღწერა როგორც ნივთი.

 

ხორცში მყოფი ბინადრები მიდიან და ბრუნდბიან უხორცო ყოფნით მოძრაობაზე შეგნიშნე რომ სხეული არ გაქვს და მონასტრის სიმშვიდესავით გამჭვირვალე ხარ(გელათის მონასტრის დარაჯის გახსენება).

 

და უჩარჩოო წარსულიდან ფრაგმენტების ამოხეტება... და თვალის იქით გაპარება: თვალი და მოლოდინი. თვალი ელის რას? იმის გამოჩენას, რაც გაუჩინარდა. თვალი არის ჩასაფრებული. ნახეთ სიტყვა თვალსაწიერი. თვალი როგორც მტაცებელი; თვალი იტაცებს იმას, რაც მის საწიერში ჩნდება -თვითონ ა-ჩენს. წარმტცი საგანი ან მოვლენა კი არ არის, არამედ - თვალი. თვალწარმტცი ან და წარმტაცი თვალი; თვალი ჯერ კიდევ მომხმარებელი. ამოცანა არის თვალის გათავისუფლება: მომხმარებელი თვალიდან მჭვრეტელი თვალისკენ. ჩაბრუნებული მზერა:: ირთვება ე.წ. შინაგანი კამერა; იგი იწყებს იმით, რომ რეალურ მოძრაობას ანაწევრებს უძრავ ფრაგმენტებად, სტატიკურ კადრებად, შემდეგ პროექტორის -- ჩვენი ცნობიერების მეშვეობით მათ უბრუნდება მოძრაობა, მაგრამ ეს უკვე არის არა რელური მოძრაობა, არამედ მოძრაობის ილუზია/illudere- თამაში. ჩვენი სული, ცნობიერება მოკლებულია მოვლენების შინგან ქნადობასთან უშუალო კავშირის შესაძლებლობას თუ არა ისე, რომ ჩვენ ამ პროცესის გარეთ დავდგეთ და შემდეგ, მოგვიანებით მოვახდინოთ ამ მოვლენათა ქმნადობის ხელოვნური რეკონსტიტუირებაო. არსებობა, ყოფნა აქ სხვა არაფერია თუ არა წასვლისა და მოსვლის ერთმანეთში უწყეტი გადასვლა; უწყვეტი ურთიერთშეღწევა კი ჩენაა და სხვა არაფერი; ვჩანვარ ე.ი. ვარ და არც ვარ; ციმციმი, ათინათი.

 

ლანდი როგორც გამოსახულება იშლება და დედდება განუწყვეტლივ როგორც კინოშია: დაიღვარა კინოგამოსახულება და ჩვენ ვუყურებთ როგორ ხდება მისი თვითაღდგენა, თვითაგროვება, მატერიალიზება/შეხება; საკუთარი თავი შევაგროვეო. თომას სიმპტომი „თუ შევეხე მჯერა თუ ვერა-არა“. მეორე მხრივ შეხება როგორც ანიმაცია გაცოცხლება.

 

ხილული რამეები არ რჩება, არამედ რჩება უხილავი: თვითონ წასვლა; იგი არსად წასულა; წასვლა არ მიდის, იგი ყოვველთვის წასასვლელად ემზადება; აწმყო არ არის; წარსულის გამოსახულებები და მომავლის ხატები-მათი ურთიერთ გადასვლა, ურთიერთარეკვლა: წასვლა მოვიდა და მოსვლა წავიდა; თითქოსდა ადგილები გაცვალეს; ფუნქციები იგივე დარჩა.

 

როგორც ერთი მოაზროვნე ამბობს ჩვენი ჩვეულებრივი ცოდნის მექანიზმი კინემატეგრფიულიაო.

 

მიზანია არა მკითხველის დგომა სახლის წინ არამედ მისი შეყვანა სახლში; ასეთი შესვლა, რა თქმა უნდა, არის ილუზორული, მაგრამ ეს მაშინ, როცა ილუზია ერთადერთი რეალობაა. ხდება ორმაგი შესვლა: შესვლა ლექსში და მერე ლექსის სახლში. სახლი როგორც ვირტუალური, უხილავი რეალობის, სინამდვილის მიკრომოდელი. მაგრამ მას ჩრდილივით თავს ადგას დაბრუნების შესაძლებლობა როგორც გადაცმული, უცხო რეალობა. ამ სახლში არის ავეჯი, სუნი, ჩრდილები, რომლებიც ირწევიან, ხავერდის ვარდები, ლარნაკები, სავარძლები, სურათები, კიბე, ტანსაცმელი, ოხვრა, წამალი, რეალური კედლები, ჰაერი, სარკე და სარკის ბინადრები, სარკის ბინადრები, ვინაიდან ეს სახლი გამჭვირვალეა როგორც სარკე, სარკე-სახლია. მაგრამ სად არის საათი?სახლში საათი არ არის! არავინ კითხულობს რომელი საათია? რა დროა, დრო არ არის. თუ დრო არ არის, სიკვდილიც არ არის. აქ დროში არაფერი ხდება, პირიქით ყველაფერში დრო ხდება, წარსული, აწმყო, მომავალი ერთ წამში ხდება, ხდება არც ხდება; და აქ შემოდის ეს პაწაწა წა და იწყებს მოქმედებას: მე მხოლოდ ხმა ვარ წა-ცდენილი; მე ახლა შენზე წა-ვიდარდე... ყველაფერი არის ეს წა, როცა საქმე გულში გაკრთომაზე, გულში გავლებასა და გონებაში გაელვებზეა, როცა დღეებს გაქცევაზე უჭირავთ თვალი. სწორედ ეს გაკრთომა, გავლება და გაელვება ქმნიან გივი ალხაზიშვილის სიტყვისა და ლექსის თავისებურ, განუმეორებელ კლიმატს: მხოლოდ კონტური, შეგრძნების კვალი. ეს რომ აღბეჭდო, გადაიღო ფოტოხელოვანი უნდა იყო. ამიტომაც ტოვებენ ეს ლექსები ფოტოგრაფიულის შთაბეჭდილებას. მაგრამ ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა. მსგავსება ამის იქით აღარ მიდის. ერთი დიდი ფოტოხელოვანი ამბობს ყველაფერს გადავიღებ, მაგრამ სულს ვერ გადავიღებო. აქ კი ყველაფრი სულია: სული ქარია; სახლი, რომელიც სუნთქვით აშენეს.

 

სახლი, რომელიც სუნთქვით აშენეს ქცეულია სარკესა და სიკვდილს შორის ბრძოლის არენად. სიკვდილი თუ სიკვდილის სიკვდილი ცდილობს წაიყვანოს, სარკე არ უშვებს. სარკე სიკვდილსაც იტაცებს, იჭერს, თავის ბინადრად აქცევს. სარკე აფართოებს თვალსაწიერს, რომელშიც იგი იჭერს დროს, იჭერს სიკვდილს როგორ ამ სახლის ბინადარს, რომელიც მასში სახლის ბინადრებთან ერთად შევიდა, მათ შეჰყვა და იქ ბინა დაიდო. ამ თვალსაწიერში, სარკის, სარკისებრ თვალსაწიერში სიკვდილი არ არის, არის მხოლოდ გაუჩინარება. სიკვდილს არავინ არ მიჰყავს ან ვერ მიჰყავს, მაშინ ვის მიჰყავს? წასვლას მიჰყავს მაგრამ წასვლა ჯერ უნდა მოვიდეს, რომ წაგიყვანოს, მაგრამ იგი თავისით ვერ მოვა თუ მოსვლამ არ მოიყვანა; მაგრამ მოსვლა ვერ მოვა თუ წასვლამ არ წაიყვანა, ვინაიდან მხოლოდ იმას შეუძლია დაბრუნდება, მოსვლა, რაც წავიდა და იმას შეუძლია წასვლა, რაც მოვიდა. წასვლა ერთხელ მაინც თუ წავიდა ის წასვლა აღარ არის, წასვლა ყოველთვის წასასვლეად ემზადება. ერთი აღმოსვლელი ბრძენი ამბობს გზა, რომელზეც ვინემ გაიარა გზა არ არისო, მოსული წასვლა წასვლა აღარ არის. წასვლა დროში თუ დროის წასვლა. დრო, საათი არ არის. მაგრამ არის ნაოჭები და თეთრი თმა სარკეში შემჩნეული როგორც დროის ნიშნები.

 

მოვლენ დღეები წასასვლელად, წავლენ დღეები მოსასვლელად. სიზმრის ტიხარი. ისე რომ, ყველგან მხოლოდ ფორმის ფორმები, ფორმის ფორმის ფორმები და ა.შ. წარმოსხვის წრმოსახვები, წარმოსახვის წარმოსახვის წარმოსახვებია ა..შ. ასეა როცა დედანი არ არის, როცა დედნის გარეშე, უდედნო წარმოქმნაში მონაწილეობ. შეიძლება თუ არა დაიბადოს გამოსახულება იმის გარეშე, რისი გამოსახულებაც ის არის? შეიძლება, შეიძლება გამოსახულებასთან შეხებით.

 

მახსენდება: ...მოხუცის ლანდს სძინავს... მაგრამ ლანდი მოსწყდა მოხუცს; მასთან აღარაფერი აკავშირებს; არა მოხუცის ლანდი, არამედ მოხუცი ლანდი? ლანდებიც ხუცდებიან?! ლანდებს კითხეთ მე ნუ მეკითხებითო. ლანდები როგორც ამ ლექსების პერსონაჟები. მაგრამ რა ვუყოთ დაბრუნებას?

 

ამ სახლის ბინადრები: საკუთარი სხეულებიდან ამოიპარნენ, მაგრამ ვიდრე სახლის რეალურ კედლებს დატოვებდნენ მათ გაიარეს სარკის სივრცეში და სარკის ბინადრებად, გამოსახულებებად იქცნენ, სხეული როგორც ტანსაცელი გამოიცვალეს, საქორწინოდ ემზადებიან. სახლის ბინადრები სახლის რეალურ კედლებში და სარკის ბინადრები ერთმანეთს შეერივნენ, რომელი რომელია აღარ იციან. ვიღაცამ სარკეს ჩამოაფარა, მაგრამ სარკე მაინც სარკედვე რჩება, ჩამოფარება არ არის სარკის გაქრობა, პირიქით იგი ფარია, რომელიც სარკეს იცავს, სარკედ ამყოფებს. სარკე ერთადერთ რამეს უფრთხის: არ იქნეს დამსხვრეული. სარკის ბინადრებიც დაიმსხვრევიან, ნამსხვრევებად გამრავლდებიან. სარკე არავის არ უშვებს, ყველას იჭერს, ყველას იტაცებს და ამიტომაც ყველა წასვლა იმავდროულად დარჩენაცაა. სხეულიდან ამოპარული სარკეს ვერსად გაეპარები.

 

სიტყვებში როგორ შემოხვედი?

 

მე სულით გხედავ და არა თვალით; გათავისუფლებული თვალი სულია სული კი - ქარი; ხედვა ქროლვაა, სუნთქვა და ფშვინვა; თვალს ვერ მოწყეტო, მაგრამ აქ თვალი მოწყდა; მოწყვეტა, წყვეტა; ჩვენ შევესწარით ამ ლექსში თვალის მოწყვეტის მოვლენას ისე როგორ ცაზე ვარსკვლავის მოწყეტას.

 

ეს რომ გამოთქვა გვინდა ახალი ენა, სხვანაირი ენა; ეს ენაა ‘ჩრდილების ენა“, კონტურების ენა, გაკრთომის ენა. და ნაბიჯების ექოების მონაცვლება/ჰაერის ჩქამით და ჰორიზონტით.

 

რა ენაზეა ლაპარაკი? რატომ გაჩნდა ახალი ენის აუცილებლობა? რას ნიშნნავს „ახალი“? ვიღაცამ თქვა: ენაში შევიდა დემონიო, ამაში არის ერთგვარი ალუზია იუდას ეპიზოდზე, რომლშიც შევიდა დემონი და იყო ღამე; ენაში კი შევიდა რეპრეზენტაცია როგორც დემონი; ენის რაობა კი არის არა პრეზენტაცია, არამედ სახელდება, დარქმევა; თუმცა პრეზენტაციაც შეუძლებელი გახდაო, ვინაიდან რაღაც რომ წარადგინო წარსადგენი უნდა არსებობდესო. ამიტომაც ენას არსად არ გავყავართ; "ნამდვილ სინამდვილეს" ვერ გვაზიარებსო. და მართლაც ჩამოწვა ღამე, რომელიც თავის (ახლა უკვე კარგა ხანია) შუაღამეს უახლოვდება.

 

ეს ლექსები არ არიან ჰეროიკულნი და მათი მიზანი არ არის ენის დახსნა. ეს პოეზია ძალზე პრაგმატულია: ახალ ენას იგონებს; ამის საჭიროებას მისი „მიზანი“ განაპირობებს; ენა საშუალებაა; უფრო მეტი, ამ ლექსებმა არა თუ ენა, არამედ თვითონ გამოგონება გამოიგონეს. ამ ლექსებში ერთმანეთის წინაშე დგას კონცეპტი/ცნება და გამოსახულება, მათ შორის დაპირისპირებაა, ბრძოლაა; ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც დღეს ჩვენს ზურგს უკან ანდა ჩვენს თვალწინ ხდება, ხდება არც ხდება.

 

ეფექტი მიიღწევა არა სიტყვის მოქმედებით, არამედ მათი ურთიერთგანლაგებით; მთავარია არა ახალი სიტყვის შექმნა და ამით ახალი არეალის გაჩენა, არამედ მენტალური გამოსახულებების შექმნა, მათი გამოჩენა თუ გაჩენა, რომლებიც სიტყვებს კი არ აჩენენ, არამედ სიტყვის სიტყვებს, სიტყვის სიტყვის სიტყვებს... ლაპარაკი არის არა მოძრავი საგნების გადმოღემაზე, არამედ თვით მოძრაობის გამოსახვაზე. მაგრამ თვალის მოწყვეტა ნიშნავს იმას, რომ იგი მოძრაობას მოწყდება და აზრს შეერევა. აზრი და თვალი, თვალი, რომელიც აზრში შევიდა და აზრი, რომელიც თვალში ჩავიდა - ეს ახალი რეალობაა, რომელსაც თვალი ვეღარ წვდება. აბა სცადეთ და თვალი გააყოლეთ სახლის ბინადრებს მას შემდეგ, რაც ისინი საკუთარი სხეულებიდან ამოიპარნენ და სადღაც წავიდნენ. სადღაც - ამას თვალს ვერ მოკრავ, ისე როგორც ხმას, რომელიც ამ სადღაც-ს ადევს, ყურს ვერ მოკრავ. ხმა ხმა არ არის, ის მხოლოდ ექოა - უდედნო წრმონაქმნი. ამიტომაც გვეძახის: მე მხოლოდ ხმა ვარ.

 

„შინ“ არის განუწყვეტლივ მოძრავი გამოსახულება. უწყვეტ მოძრაობაში მყოფი გამოსახულება;სხეულებიდან ამოსვლმდე -ერთი გაბმული მოძრაობა; მერე დროის გამოსახულბა; კადრებს შორის ვიზუალური მუსიკა და ექო: მე მხოლოდ ხმა ვარ.

 

გამონაგონი დაკავშირებულია იმასთან, რასაც გამოთქვამს სიტყვა „თითქოსდა“. ამ ლექსებში კი გვაქვს, სულ ცოტა, ორი „თითქოსდა“ - რაც სრულიად თავისებური მდგომარეობის წინაშე გვაყენებს: მეორე „თითქოსდა“ როგორც „თითქოსდა“-ს „თითქოსდა“. ეს კი გამიზნულია ორ „შენ-ზე“ რომელთაგან ერთი, ასე ვთქვათ, პატარა შენ-აა, მეორე - დიდი - შენ. "მიზანი" მათთან მიხლოება, შეხებაა; მაგრამ როგორ უნდა შეეხო? ისინი სხვა რამეთი უნდა ჩაანაცვლო?

 

თუ შეგეხები მხოლოდ მზერით წარმოსავაში; ამგვარი შეხება არის გაცოცხლება; გაცოცხლება ხორცის გარეშე; გაცოცხლება როგორც მოხაზულობა და ხმის დადება; კინო ტექნიკაა; მაგრა ეს არის შინაგანი კინემატოგრაფი, რომელიც ახსიათებს შინაგან ადამიანს.

 

სახეები ფრაგმენტებად ქცეულან; ხედვაც ფრაგმენტია; სხვანაირად ვერ დაინახავ. ფრაგმენტი ის ჭუჭრტანაა, საიდანაც ჩანს სახე, ხატი; ამას უწოდებენ „ჭუჭრუტანის ხელოვნებას“, ვინაიდან ის იძლევა ისეთი რამის დანახვის შესაძლებლობას, რის დანხვაზეც ვერც კი იოცნებებდი. ლექსი ჭუჭრუტანებს აკეთებს კონვენციური მნიშვნელადობის ქსოვილშიო; იგი ჭრილობასვით იხსნება და გამოჩენას იწყებს ენის სიფრიფანა პირბადის მიღმა მამალული სატყუარები როგორც ენითუთქმელი უსაზმნო ემოცია, სადაც ხდება აღქმაში მოცემული გამოსახულების უზარმზარი ძალის გამოთავისუფლება როგორც პოტენციურად უსაზღვრო ხდომილებისა, რომელსაც ადევს ვიზუალური მუსიკა, როგორც ღმერთის ტრანსცედენტალური ხმა-ო.

 

ძველი ალბომი: და ყველაფერი, რაც მე გიამბეთ ამ ძველ ალბომში თვლემს ფოტოებად/მაგრამ დროს უყვარს ძველი იამბის და სახეების გამოტოვება. ამ ლექსებს ზოგჯერრ მოსწონთ გამოტოვებულის შევსება, ფრაგმენტის აღდგენა. მაგრამ გამოტოვებული გამოტვებულადვე, ფრაგმენტი ფრაგმენტადვე რჩება. რატომ? იმიტომ რომ თამაშობს სხივი, ჩეკავს ჩრდილებს. აქ სხივი თვალია. და სხივმა ისე გაიარა ჭუჭრუტანაში ნემსის ყუნწში რომ ძაფი გაივლის. ესეც ალუზია თეოლოგიურ მოვლენაზე; ყუნწში გაძრომა ნიშნავს იმას, რომ მასში რჩება ცოდვილი ხორცი. თვალი ყუნწში ტოვებს ხორცს, ხორცი ქრება. უხორცო პატარა „შენ“ როგორც საყვარელი ქალი: ხორცის დეკორატიული ხმაო. და თვალი მიჰყვება ხორცშესხმულ გამოსახულებას, რომელსაც ხელმკლავით მიჰყავს პატარა „შენ“.

 

თითქოსდა აქ იყოს ორი „თითქოსდა“ მაგრამ საიდან გაჩნდა თუ გამოჩნდა ეს მესამე „თითქოსდა“. მეორე თითქოსდა რომელმაც უნდა „წარმოიდგინოს“ „თითქოსდა“ როგორც ასეთი პროექტორის, კინოაპარატის ფუნქციას ასრულებს, რომელშიც არის, ჩადებულია უსასრულო დრო; მის გარეშე გამოსახულებები, რომლებიც აამოძრავა პირველმა „თითქოსდა“-მ იქნებოდა მექანიკური, არამენტალური, არასულიერი.

 

ამ ლექსების კითხვისას თუ დათვალიერებისას შეიძლება დაგვეუფლოს შთაბეჭდილება, რომ მათში ან მათი საშუალებით რაღაც ვლინდება; მაგრამ აქ საქმე არ გვაქვს მოვლენებთან. ეს ლექსები სწორედ იმის დასტურია, რომ მოვლენა შეუძლებელი გახდა. წინაპირობა ასეთია: მე როგორც მე უნდა ვარსებობდე რომ გამოვვლინდე. ერთ ლექსში ასეთი სურათია: მე-სა და მე-ს შორის ბოლთას ვცემო. აქ სულ ცოტა ოთხი მე-ა: ორი აქეთ-იქით, მესამე მათ შორის, მეოთხე კი რომელიც ამ სამს ხედავს, აღბეჭდავს, სადღაც არის; არის, არც არის.

 

„შინ“ როგორც ეპოქალური(ეპოქე-დან ხომ არა?)ლექსი; მისი ღერძი არის განსხვავვება; განსხვავება სახლსა და შინ-ს შორის. შინ როგორც სახლის შიდასივრცე, მისი სულიერება. შინ როგორც სახლის ჭეშმარიტება, რომელიც წავიდა, რომელიც სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

 

მაგრამ რა ვუყოთ დაბრუნებას?

 

ლექსი „შინ“ როგორც ლექსების ლექსი ასიმეტრიული ლექსია: წასვლას ეძღვნება 61 სტრიონი დაბრუნებას - ათი. მაგრამ ეს არ არის დაბრუნება; ეს დაბრუნების დაბრუნებაა. წასული არ ბრუნდება, დაბრუნება ბრუნდება, მაგრამ დაბრუნება არ არის დასაბრუნებელი,იგი ყოველთვის დაბრუნებულია.

 

შინ წავიდა, მაგრამ ის არ ბრუნდება იმიტომ, რომ არსად წასულა. სახლი ბრუნდება, მაგრამ არა როგორც შინ, არამედ როგორც აკლდამა, როგორც სახლის უხილავი მხარე.

 

პოეტი ახლა მამისეულ სახლში აგებს აკლდამას.

მაგრამ რა არის აკლდამა? ვინ იცის(?).

აკლდამასთან ერთად სახლში ბრუნდება ხორცი და ხორცთან ერთად ბრუნდება ვნება როგორც ხორცის ხმა.

 

აკლდამასთან ვერ მივალთ ვერც ნივთების ჩვეულებრივი საზრისით და ვერც მათ შესახებ ჩვეულებრივი წარმოდგენებით. აკლდამა არის ხელოვნურად აგებული ტიხრების სისტემა როგორც ბზარი ჩვენი ცნობიერების სივრცეში, სადაც ცოცხლად არის შენახული წარსულის ყველა გამოსახ(ე)ხულება. შეუძლებელია მათი დალაგება თუ იერარქიზება.

 

აკლდამა არაფერს არ წარადგენს, არც თავისთავს; იგი მალავს რაღაცას: მალავს სხეულს; დამალვასაც, შენიღბვასაც მალავს, ნიღბავს.

 

ეს კრებული აკლდამაა როგორც ალბომი.

ყველა სტრიქონს აქ რეფრენად მოსდევს: წარმოსახვა სარეველაა; მაგრამ რომელი წარმოსხვაა სარეველა, წარმოსახული წარმოსხვა თუ ჩვეულებრივი?

ვიღაცამ მისაყვედურა ეს რა დაგიწერიაო, ხომ შეიძლებოდა უკეთესად დაწერილიყოო; მე ვუპასუხე რაც დაიწერა დაიწერა - მეთქი. ადექი ახლა და ის წაიკითხე, რაც არ დაიწერა...

გიორგი ბარამიძე

 

გიორგი ბარამიძის ფილოსოფიური ესსე „თვალი, წარმოსახვა და სარეველა“ დაიბეჭდა გაზეთ „ლიტერატურულ გაზეთში“ 2014 წლის 18 ივლისს, №13 (125) ნომერში. ავტორი, გიორგი ბარამიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორია. მისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ესთეტიკა და გონებრივი ხედვის ფენომენია (მას ეკუთვნის ცნობილი ნაშრომი „ფანტაზია და წარმოსახვა“). აღნიშნულ ესსეში იგი განიხილავს ფიზიკური თვალის (მხედველობის), შემოქმედებითი წარმოსახვისა და სამყაროსეული „ხაზებისა თუ სარეველების“ (როგორც ხელისშემშლელი ან, პირიქით, სააზროვნო მასალის) ფილოსოფიურ მიმართებებს.

თუ გსურთ გაზეთის ამ კონკრეტული გამოცემის მოძიება, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზს ან ციფრულ არქივს, სადაც 2014 წლის კოლექციაში მე-13 ნომერი ფიზიკურადაც არის დაცული.

გაზიარება: